Close-up of a hand signing a legal document with a fountain pen, symbolizing signature and agreement.

ჩუქების ხელშეკრულება

ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრჯერ გვქონია შემთხვევა, როცა ვინმესთვის რაიმე გვიჩუქებია ან ჩვენთვის უჩუქებიათ. ერთი შეხედვით ძალიან მარტივი გარიგებაა, მაგრამ რეალურად ამ მარტივი გარიგების მიღმა საკმაოდ კომპლექსური საკითხები დგას, რაც თავისთავად უნდა გავითავლისწინოთ, იმისათვის, რომ თავი ავარდიოთ ყოველგვარ პრაქტიკულ პრობლემას ჩუქების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

რა არის ჩუქების ხელშეკრულება?

ჩუქების ხელშეკრულება არის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ერთი პირი (მჩუქებელი) უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას ან უფლებას მეორე პირს (დასაჩუქრებულს).

ჩუქების ხელშეკრულების მთავარი მახასიათებელია მისი უსასყიდლო ბუნება. ესე იგი მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას.

ჩუქების ხელშეკრულების მხარეები

მჩუქებელი – ის ვინც უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას დასაჩუქრებულს.

დასაჩუქრებული – ის ვინც იღებს გაჩუქებულ ქონებას.

მჩუქებელი და დასაჩუქრებული შეიძლება იყვნენ, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.

რა შეიძლება იყოს ჩუქების საგანი?

უძრავი ქონება – ბინა, მიწის ნაკვეთი.

მოძრავი ქონება – მანქანა, ფასეული ნივთი, ასევე ფულადი თანხაც და

უფლებები – მაგალითად, საავტორო უფლების გადაცემა, მოთხოვნის დათმობა.

ჩუქების ხელშეკრულების სავალდებულო ფორმა

ძირითად შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულება ზეპირად იდება (ქონების გადაცემის მომენტიდან) და ეს ფორმა მისაღებია მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ეხება მოძრავ ნივთებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მოძრავ ნივთზე წერილობით დადოთ ჩუქების ხელშეკრულება, ეს ბევრად  უკეთესი იქნება და უფრო ეფექტური სამომავლო პრობლემების პრევენციაში. მოძრავი ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება იურიდიულ ძალას იძენს, როდესაც მჩუქებელი ფაქტობრივად გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას, ხოლო ეს უკანასკნელი მიიღებს მას.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, მისი ჩუქება ყოველთვის საჭიროებს ნოტარიულად დამოწმებულ წერილობით ხელშეკრულებას და შემდგომში საჯარო რეესტრში (უძრავი ქონების რეესტრში) საკუთრების უფლების რეგისტრაციას. უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება და იურიდიულ ძალას იძენს, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონების რეგისტრაცია მოხდება საჯარო რეესტრში.

რა შემთხვევაში შეიძლება ჩუქების გაუქმება?

მიუხედავად იმისა, რომ საჩუქარი „უსასყიდლოდ“ გადადის, არსებობს სამართლებრივი საფუძვლები, რაც მჩუქებელს უფლებას აძლებს გააუქმოს ჩუქების ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 595-ე მუხლის მიხედვით ჩუქების გაუქმება შეიძლება შემდეგ შემთხვევაში:

  1. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ასევე უნდა გავითავლისიწნოთ, რომ ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევსპრაქტიკული მაგალითი

გარდა ჩუქების გაუქმებისა, კანონმდებლობა იცნობს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც საჭირო არ არის დასაჩუქრებულის ამორალური ქმედება იმისათვის, რომ მჩუქებელმა ნივთის გამოთხოვა შეძლოს.

რა შემთხვევაში შეიძლება გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა ?

  1. თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.
  2. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.

აქედან გამომდინარე, სახეზე გვაქვს სამი წინაპირობა იმისათვის, რომ გამჩუქებელს შეეძლოს გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა, ესენია: 1. მჩუქებელი უნდა აღმოჩნდეს მძიმე მდგომარეობაში, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. 2. გაჩუქებული ნივთი დასაჩუქრებულთან რეალურად უნდა არსებობდეს (მას უნდა ჰქონდეს). და 3. თუ გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა დასაჩქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ თუ გამჩუქებელმა თავი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში, ასეთ შემთხვევაში მას ეკარგება ნივთის გამოთხოვის უფლება.

ჩუქების ხელშეკრულება ერთი შეხედვით მარტივი გარიგება ჩანს, მაგრამ აუცილებელია კარგად გავითავლისწინოთ, რომ ჩუქების ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს უძრავ ქონება, მანქანა ან დიდი ფულადი თანხა,  სწორედ აქედან გამომდინარე საჭიროა ხელშეკრულების დადებამდე იურისტთან კონსულტაცია, რათა თავიდან ავირიდოთ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამომავლო პრობლემები.

Scroll to Top